შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო, რომელიც ტარდება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ – ერიკ ილესმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ლელა ბაქრაძემ.
ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მულტისექტორული მიდგომის განხორციელების საჭიროებაზე და საზოგადოებას მოუწოდებენ, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, მომზადდა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე სოციალური რეკლამა, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდება. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ფოტოკონკურსი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინება, რომელიც განსაკუთრებულად მავნე ზეგავლენას გოგონებსა და ქალებზე ახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება. სწორედ ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომელთა შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინებაა.

მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას.

კამპანიის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაცია „არბაითერ – სამარიტერ – ბუნდი“ (ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.

მსგავსი თემები