“ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას, არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება” – ბოდბელი ეპისკოპოსი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ის ახალ ძალას ჩაუდგება სათავეში და უკვე მოფიქრებული აქვს გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს.

როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, მის ახალ ძალას არც არჩევნებზე გამარჯვება არ გაუჭირდებათ. 

“ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს.

მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება. ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ ვითანამშრომლებთ. ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს მე არ ვიცი. ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში. სახელმწიფოს მომავალზე აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს. როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ჩემთან ვასაძე? გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და „ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან. ვიცნობთ ეკლესიაში; ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები რაღაც პროექტებში მონაწილეობდა.

იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდოთ [ქვეყანა]. 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? პარლამენტში რომ არ შედიხარ? რას დავამსგავსეთ თბილისი, კიდევ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს?

ველოდებოდი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდოდა და ეს უცხოელებსაც ვუთხარი შევლენთქო. გარეთ რომ არ არიან, მადლობა ღმერთს! რას ერჩოდნენ ელისაშვილს? ზოგი ამბობდა ფული აიღოო, ახლა ესენი რომ შევიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ ფული აიღეს? ხელს რომ არ აწერ მიშელის დოკუმენტს, უცხოეთში რეიტინგი უფუჭდებათ, პარტიას შლიან. შერიგება თუ მოხდა ყველა თავის გზას იპოვის. მე არ მაინტერესებს არცერთი პიროვნება, მაინტერესებს საქართველო,” – განაცხადა იაკობმა.

მსგავსი თემები