“რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!” – ალეკო ელისაშვილი

რატომ შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს,- ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიღებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან რეფორმას პარლამენტში სხვები ატარებენ, პოლიტიკური ლიდერებიც მათ გამოიყვანეს და ამ ფონზე, მისთვის გაუგებარია, რისთვის შედის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა”.

„საერთოდ რატომ ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ჩვენ, „მოქალაქეები” როცა შემოვედით თებერვალში პარლამენტში, ვთქვით, რომ საარჩევნო რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გასატარებლად ვართ პარლამენტში. ერთხმად არის საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით მიღებული. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ან რის ფასად შემოდის? – მათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ. რატომ შემოდიან?! თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებებში უნდათ სიარული თუ ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ? ხომ არიან ღირსი ყოველ დღე დერეფნები მივუწყოთ აქ, ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი?! ჩვენ შემოსვლას ფასი ჰქონდა, რაც ვთქვით, ვასრულებთ – ძალიან მაგარ დაარჩევნო რეფორმას მიიღებს ქვეყანა. ისინი რატომ შემოდიან?! – დაეტიონ ქუჩაში, ირბინონ და აბარონ ანგარიშები სააკაშვილს, იქ კიევში მოიწყონ თავისთვის პარლამენტი. ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, მე და ლევან იოსელიანს, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ბიძინა ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს. რატომ გვაბრალებდნენ ამ ჭუჭყს, მაშინ თვითონაც ფული ჰქონიათ აღებული, ჩემო ბატონო,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები