ნიკანორ მელია ოპოზიციას წყენის დავიწყებასა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ  მელია  ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, ყველაფერი ნეგატიური დაივიწყონ, ისევ გაერთიანდნენ და ერთიანი ძალებით იბრძოლონ.

„მინდა, მივმართო ჩვენს კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ ამას.  უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა, უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლებელია, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით. იცით რატომ? ყველა წვრილმანი, რომელზეც ჩვენ ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც მტაცებლებისგან სახელმწიფოს გათავისუფლება ჰქვია“ – განაცხადა მელიამ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ახლა არ არის დრო, დამნაშავე და უდანაშაულო ეძებონ, მთავარია ერთობა.   

„არ ვამბობ, რომ ვინმე არის დამნაშავე, ან უდანაშაულო. არ ვამბობ, რომ ჩვენც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, ამ ქვეყნის წარმატებას უბრალოდ ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად“ – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

მსგავსი თემები