ნასვამი მძღოლი შესაძლოა დააპატიმრონ

საკანონმდებლო ორგანოში, უახლოეს დღეებში კანონპროექტი დარეგისტრირდება, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, თუ პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, ნასვამ მძღოლს, საჯარიმო სანქციის გადახდასთან ერთად, პატიმრობაც მოუწევს.

ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციას, კერძოდ კი ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლში. მის მიხედვით,  „სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა“.

გარდა აღნიშნულისა, „მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა“.

მსგავსი თემები