„პარტიამ, საკუთარი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა“ – რატომ გადადგა გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომასა და გუნდიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენების გამო მოხდა.  

„მე ვიყავი ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, რვაწლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას, ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“ – განმარტა ყოფილმა პრემიერმა საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით,  დღევანდელი სასამართლო სისტემა ადრინდელს ბევრად სჯობს, თუმცა, დღეს მან პარტია შექმნა იმისთვის, რომ  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გააჩნია.

„გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი. მე დღეს აქ ვდგავარ თქვენ წინაშე სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატების და რაც მთავარია, წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა ძალა, ვმდგარიყავი თქვენთან ერთად და მეთქვა – გავერთიანდეთ საქართველოსთვის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები