გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს წაიყვანს

დაახლოებით ერთ საათში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიის დაარსების შესახებ განაცხადს გააკეთებს და საკუთარ გუნდსაც წარადგენს. მანამდე კი, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი მის სხვადასხვა კავშირებზე საუბრობს, და აცხადებს, რომ ეს არ იქნება დამოუკიდებელი თამაში.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა, გიორგი გახარიას „დამოუკიდებლობა“ საეჭვოა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ის ამომრჩევლებს მმართველ გუნდს წაართმევს.

„რა ინფორმაციაც მე გამაჩნია ბატონ გახარიაზე, მის გუნდზე, მის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დასკვნების გამოტანა არ იქნება სწორი. ის, რომ ახალი ადამიანი შემოდის ოპოზიციაში, რომელსაც სპეციფიკური პოლიტიკური „სივი“ აქვს, პოლიტიკურ თამაშს ალბათ ეს უფრო საინტერესოს გახდის. მეეჭვება, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი წაიყვანოს, ჩვენს ამომრჩეველთან მიმართებითაც არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული. ალბათ, მაინც ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე იქნება ეს ყველაფერი მიმართული,“ – განუცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათზე დაიწყება.


მსგავსი თემები