„ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგაში ყრიან გვამებს… იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად“ – თენგიზ ცერცვაძე  

„რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან სახლებში, საავადმყოფოს ეზოებსა და ქუჩებში, სადაც ტყეებში ხეებს ჭრიან და ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგაში ყრიან გვამებს“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და იმ სიცრუეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საქართველოში კოვიდ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ვრცელდება.   

„ა.წ. 11-13 მაისს და სხვა დღეებში „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტების, მათ შორის ექიმების მონაწილეობით დიდი ზარზეიმით აცნობა მოსახლეობას, რომ საქართველო COVID სიკვდილობით 1 მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა?! რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის მართვაში სრული კრახი განიცადეს, ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა?! ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზით კაცი გარდაიცვალა?! და ა.შ.

ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობენ ჰებელსის პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. თუმცა ის, რომ აღნიშნული ტელევიზიები და ექსპერტები ასე ურცხვად ტყუიან, იმდენად ამაზრზენი არ არის, როგორც ის, თუ რა უდიდესი კმაყოფილებით აკეთებენ ისინი ამას.

ალბათ, ასეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა, ან მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. საიდან ამდენი ბოღმა და ღვარძლი? ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ ყველაფრის გამართლება იმით, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება კრიტიკული ტელევიზია.

სრული სიმართლეა, მაგრამ კრიტიკული ტელევიზია უნდა აკრიტიკებდეს ნაკლოვანებებს და არა მიღწევებს და მით უმეტეს, არ უნდა იგონებდეს ისეთ ფაქტებს, რაც მოსახლეობას თრგუნავს და სტრესში ამყოფებს. COVID-19 საუკუნის გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მას ვერ უმკლავდებიან ან ძნელად უმკლავდებიან ყველაზე ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც კი. და როცა საქართველოს მსგავსი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა ახერხებს, რომ COVID პანდემიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი პარამეტრით (ვაქცინაციის გარდა) ჰქონდეს ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, ვფიქრობთ, ეს მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და არა ლანძღვა-გინებას“ – აცხადებს მთავარი ინფექციონისტი.

მისივე შეფასებით,  ეს ყველაფერი „ვაი იქიმებსა“ და „ვაი ექსპერტებამდე“ მიდის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე იმის თაობაზე, რომ ამ ვაი ექსპერტების და ვაი ექიმების აბსოლუტურ უმრავლესობას თვითონ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ საქმის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ არ გაუტარებიათ და არ გადაურჩენიათ არცერთი მძიმე COVID ავადმყოფი, არ გაუთენებიათ ღამეები COVID კლინიკებსა და რეანიმაციებში, არ მიუღიათ მონაწილეობა მძიმე საველე სამუშაოებში და ეპიდკონტროლში. მათ ერთ წუთითაც არ უთქვამთ უარი თავიანთ კომფორტზე, მსუყე ჰონორარებსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე. მათგან წლინახევრის მანძილზე ერთი ღირებული საქმიანი წინადადებაც კი არ შემოსულა. მხოლოდ ტელევიზიებში პოზიორობა, უსაგნო კრიტიკა და ქილიკი. ეს იმას ჰგავს, რომ ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პირებმა თოფის დაჭერა ასწავლონ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მეომრებს“ – ამბობს ინფექციონისტი.

მისივე განმარტებით, საქართველოში  არც ერთი პაციენტი დარჩენილა ყურადღების გარეშე.

„საქართველოში პრაქტიკულად არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის (სამედიცინო მომსახურების) გარეშე, არ დაზარალებულა საწოლების, მათ შორის სარეანიმაციო საწოლების და სუნთქვის აპარატების ნაკლებობის, ან მედიკამენტების არქონის (დეფიციტის) გამო. ქვეყანაში ყოველდღიურად ხორციელდება დაახლოებით 30 ათასი COVID ტესტირება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი თავისით გაკეთდა, თუ ციდან ჩამოვარდა?

რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან სახლებში, საავადმყოფოს ეზოებსა და ქუჩებში, სადაც ტყეებში ხეებს ჭრიან და ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგაში ყრიან გვამებს.

საქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა, თუმცა ესეც თანდათან სწორდება, შექმნილია ვაქცინაციის პუნქტების გამართული ქსელი შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. უკვე ხდება დღეში 3-4 ათასი ადამიანის აცრა, მალე ეს რიცხვი გაორმაგდება და გვაქვს ყველა პირობა, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინირებული იქნება მოსახლეობის სულ ცოტა 65%“.

და ბოლოს, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით მიმართავს: „ამიტომ მე მინდა მივმართო მოსახლეობას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ მაგრამ მინდა დავამატო „იყავით იმედიანად“, რადგან ქვეყანა საიმედოდ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებას“.

მსგავსი თემები