“თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე” – ივანე ჩხაიძე „ინდურ შტამზე“

თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მან საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შტამი უფრო მეტი გადამდებლობით გამოირჩევა. არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევის გამოწვევა, ჩხაიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ თვეში მატულობს. ყველაზე მთავარია, რამდენად საშიშია ეს შტამი და რამენად არის იმის ალბათობა, რომ „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლოს დღეისათვის საქართველოში დომინანტური ბრიტანული შტამი. პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბევრი შემთხვევა შემოტანილი, ვინაიდან ბრიტანული შტამი სწორედ შემოტანილი შტამი გახლავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაკადი ინდოეთიდან საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვა, ძირითადად მესამე ქვეყნიდან, სადაც ეს შტამია დაფიქსირებული, ძალიან ცოტაა. დღეისათვის ინდოეთშიც კი არ არის სრული სურათი არის თუ არა ე.წ. „ინდური შტამი“ ინდოეთში ამ დიდი აფეთქების გამომწვევი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები