აფხაზეთში, რუს ტურისტს თავზე ყულფი ჩამოაცვეს და ხეზე ჩამოკიდეს

გაგრაში დასასვენებლად ჩასული 28 წლის სანქტ-პეტერნურგელი სისტემური ინჟინერი არტიომ რუსკიხი აფხაზ სამართალდამცველებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

იგი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ მათი ხელიდან წამებით სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში, ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ“ ,– 24 მაისს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნიკიტა სოლოგუბის ვრცელი სტატია ინტერნეტგამოცემა „მედიაზონაში“, რომელიც აფხაზეთში სწორედ ამ გახმაურებულ ფაქტს ეძღვნება.

რუსკიხი მეუღლესთან ერთად დე ფაქტო აფხაზეთში დასასვენებლად 6 აპრილს ჩავიდა, დაიმგზავრა ოჯახის მეგობარი ქალი და მამძიშხვას მთის დასათვალიერებლად ავიდა. დაშვებისას არტიომი ჩამორჩა ქალებს და პირისპირ შერჩა მის მახლობლად გაჩერებული ავტომობილიდან გადმოსულ ადამიანებს.

მისი თქმით, მათ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ რუსკიხს აჩვენეს ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა დამადასტურებელი მოწმობები და წაიყვანეს გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაში.

იგი მოწმეებისა და შესაბამისი ოქმის გარეშე გაჩხრიკეს და საკანში მოათავსეს.

არტიომ რუსკიხის თქმით, მილიციის თანამშრომლები მისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ არის ნარკოტიკის გამსაღებელი, ე. წ. „დამგირავებელი“ და ეჩვენებინა ადგილი, სადაც ნარკოტიკებს მალავდა მაგრამ დაკავებულმა აღიარებაზე უარი თქვა

„ამის შემდეგ მიმაყენეს კედელთან და ცემა დამიწყეს. დამადეს ხელბორკილი, წამიყვანეს მივარდნილ ადგილზე, დამაყენეს მუხლებზე და კვლავ დამიწყეს ცემა, ერთბაშად რამდენიმე ადამიანი მცემდა და თავით წყალში მაყვინთვინებდა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეს და შემდეგ დამემუქრნენ, რომ კბილებს დამაყრევინებდნენ და ხელკეტით გამაუპატიურებდნენ“, – ყვება დაზარალებული.

მსგავსი თემები