“გახარიას რეიტინგი არსებითად იყო დაკავშირებული მმართველ ძალასთან” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო გახარიას რეიტინგი, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სასურველ შედეგს მიიღებს.

„ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ და ეს საკითხი აქტუალური ჩვენთვის არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ. გახსოვთ, წინა შვიდი არჩევნები როგორ დასრულდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც, ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არა თუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო გახარიას რეიტინგი, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია, რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ, რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა, გითხრათ, ის არსებითად შეცვლილია. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები