“დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია – არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს” – ხათუნა ზახაშვილი

ჩვენ არასდროს ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა, სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს „ფარავენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მოცვა გაიზარდოს.

„ყველა ახალ მუტირებულ შტამს გააჩნია გავრცელების მაღალი პოტენციალი და შესაბამისად, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა შემდგომი გავრცელებისგან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვართ დაცული კიდევ ახალი შემთხვევების შემოტანისგან. ამ 5 შემთხვევას კონტაქტი არ ჰყოლია, თუმცა ამ ხუთის გარდა შესაძლოა სხვა შემოვიდეს, მათი კონტაქტები რომ არ გავრცელებულა ეს არ უნდა იყოს იმედი იმისა, რომ შემდგომში არ გავრცელდება. ეს მუტირებული შტამი როგორც ახლა აფასებენ, გადამდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი სხვა მუტირებული შტამები იყო, შესაბამისად შესაძლოა, დაავადების სწრაფად გავრცელება მოხდეს.

ბრიტანეთში დომინანტურად მაინც რჩება „ბრიტანული შტამი“ და ამ ახალმა შტამმა ვერ შეძლო დომინანტური გამხდარიყო „ბრიტანული შტამის“ გავრცელების ფონზე. ეს შეიძლება ჩვენთვისაც იყოს რელევანტური, რადგან ჩვენთანაც ძირითადად არის „ბრიტანული შტამი“ გავრცელებული.

დაირაზმეთ ყველანი, წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. თქვენი მეზობლები, მეგობრები და ახლობლები მიიყვანეთ ვაქცინაციაზე, როგორმე ვაქცინის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ამის დრო კიდევ გვაქვს. არსებული ვაქცინები ფარავენ ყველა მუტირებულ შტამს, ჩამოყალიბებული იმუნიტეტი იცავს ადამიანს ახალი შტამებისაგან. ინდოეთში იმიტომ გავრცელდა, რომ ინდოეთს ვაქცინაციით მოცვა აქვს უფრო დაბალი ვიდრე საქართველოს აქვს“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

მსგავსი თემები