ოცნების დეპუტატი ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა – FACTCHECK

FACTCHECK-ი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ოცნების დეპუტატის მხრიდან მათი ანალიტიკოსის მუქარის შესახებ წერს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნუგზარ სოლომონიძე სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ნაზი რეხვიაშვილს და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინები და მუქარა ღიად დააფიქსირა:

“გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი უფროსი ანალიტიკოსის ნაზი რეხვიაშვილის მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან გამოთქმულ მუქარას.

დღეს, ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა. საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ “TV 25-ისთვის” მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ.

ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ.“ ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრნონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. ფაქტ-მეტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. ასევე, ჩვენი ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები