“სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი – ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო” – გუმათში დაკავებულების ადვოკატი

ადვოკატი დალი სულაქველიძე მოითხოვს, რომ „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების მიმართ შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში ღამით მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს.

მისი განმარტებით, 8 დაკავებული პირიდან 3-ის ინტერესებს იცავს, რომლებსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატი განმარტავს, რომ მათ დაზიანებები დაკავების პროცესში მიიღეს.

„როგორც ვიცი, დღეს უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი. ყველა წინააღმდეგია, რომ პროცესი დისტანციურად ჩატარდეს. დაკავებულები ძალიან განაწყენებულები არიან, იმიტომ, რომ მათთან მიმართებით სამართალდამცავების მხრიდან ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმები, ვინ უშველის, ვინ გადაუხდის ჯარიმას და ა.შ. იმას კი არ განიცდიან, რომ დღეს დაკავებულები არიან, არამედ იმას, რომ ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ასეთ მიდგომას აქვს ადგილი ამ საკითხის მიმართ. დაკავების შემდეგ პოლციელები ეუბნებოდნენ, რას იკლავთ თავს, მაინც აშენდება, ვინმეს ხომ არ გგონიათ, თქვენი ეს შეკრება და პროტესტი შედეგს გამოიღებსო“, – აცხადებს დალი სულაქველიძე.

მსგავსი თემები