„სოხუმის დაცემის ტრაგიკულ სცენარს ერთი რეჟისორი და ბევრი როლის შემსრულებელი ჰყავს“ – დიმიტრი ხუნდაძე

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, მომხდარი ტრაგედიით სარგებელი მხოლოდ სცენარის ავტორმა ნახა. აფხაზებმაც და ქართველებმაც ომი წავაგეთ.

„მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტკივილისა და ხსოვნის დღეა. ხსოვნის იმ დაღუპული გმირების, რომლებმაც თავი სამშობლოსათვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის გაწირეს. ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამ მძიმე და ტრაგიკული სცენარს, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი, ერთი რეჟისორი და ბევრი როლის შემსრულებელი ჰყავს. დამნაშავე არა მხოლოდ სცენარის ავტორი, არამედ ყველა ის მონაწილეა, რომელმაც, ძმათამკვლელ ომში თავისი ნეგატიური როლი შეასრულა ან კარგად დაგებულ ხაფანგში ნებით თუ უნებლიეთ გაჰყო თავი. გარე ძალების პროვოცირებამ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ დიდი დანაშაულისკენ უბიძგა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამით, აფხაზურ ეთნოსს, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ამ ყველაფრით კი სარგებელი მხოლოდ სცენარის ავტორმა ნახა. აფხაზებმაც და ქართველებმაც ომი წავაგეთ. ჩვენ წინ რთული გზა გველის, რაც ერთად, ფრთხილად უნდა გავიაროთ. გამოსავალი მხოლოდ გონიერებაშია, რაც გულისხმობს დაბალანსებულ პოლიტიკას, ქვეყნის ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკას და რაც მთავარია, სახალხო დიპლომატიას და არავითარ შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთმანეთს შორის. ურთიერთ ნდობას აღდგენა სჭირდება, რაც მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვით არის შესაძლებელი. დრო მიდის და ეს ჩვენს საერთო ინტერესებზე არ მუშაობს.“

მსგავსი თემები