“პარტიების შემოსავლების თითქმის ნახევარი „ქართული ოცნებაზე” მოდის, რაც პოლიტიკურ ძალებს შორის ფინანსების არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პარტიების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნებაზე” მოდის, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, მიუხედავად ამისა, სხვა წლებთან შედარებით, ფინანსური უთანასწორობა შედარებით შემცირდა, რაც 2020 წელს რამდენიმე ფინანსურად ძლიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ განაპირობა.

“2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში 60,221,705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) – 29,166,087 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 8,037,276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 8,036,077 ლარით.

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46,586,370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11,314,940 ლარი) – სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე.

სახელმწიფო დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილი – 4,222,546 ლარი (მთლიანი სახელმწიფო დაფინანსების 42%) – მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიიღო, მეორეზე ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებული პარტიები იყვნენ (2,121,660 ლარი), ხოლო მესამეზე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (1,959,750 ლარი).

რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46,586,370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი – 23,881,521 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 7,975,594 ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე 5,740,011 ლარით საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემავალი პარტიები იყვნენ. 2020 წელს მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს პარტიების მიერ მიღებული 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო, რადგან მმართველმა პარტიამ მთლიანი შემოწირულებების 84% მიიღო.

პარტიების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 97% ფიზიკური პირების მიერ იქნა განხორციელებული, 3% კი – იურიდიული პირების მიერ. ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 37%-ს იმაზე მეტი ჰქონდა შეწირული, ვიდრე საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი იყო საქართველოში. ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 83% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.

მათი ინფორმაციით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.

„წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს. ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას გავს.

ასეთ ჯგუფებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა წლებში სტაბილურად სწირავენ „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”. 2020 წელს ივანიშვილთან დაკავშირებულმა 22 პირმა ჯამში 634,300 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები