ვარლამ გოლეთიანი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ხვედელიანს შეხვდა

შეხვედრა, რა თქმა უნდა შედგა. იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც მოდიან აქციაზე. ყველას აქვს თავისი იდეა და აზრი, რაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ სხვადასხვა პერსონებს. სიმართლე გითხრათ, ამაში კონსპირაციულს ვერაფერს ვხედავთ, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ხვედელიანს შორის შეხვედრა შედგა.

„დიალოგის დროს ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი. ზოგადად, უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს. შეხვედრა აქვე, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა. მხარდაჭერა კი არ გამოგვიცხადა, ალბათ რომ მოვიდა, აქ მოსვლის ჟესტი სოლიდარობას ნიშნავს. ზუსტი დიალოგი არც მახსოვს, ასე იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ. მედია კი ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, მაგრამ არ არის ბატონი ხვედელიანი ის პერსონა, რომ ყველა ცნობდეს. გამომელაპარაკა და მითხრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარო. მაშინ გავიგე მე ეს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ პროტესტს ადრე მხარს გიორგი ვაშაძეც უჭერდა.

„სხვათა შორის, ამ ნაწილში მინდოდა აღმენიშნა, რომ ამ პროექტის წინააღმდეგი იყო გიორგი ვაშაძე და დღეს ვნახეთ, რომ უცებ მომხრე აღმოჩნდა, სატელევიზიო ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამიტომ, უბრალოდ, კარგია რომ იცოდეთ, თავიდან ერთხელ ჩამოვიდა ხეობაში. მაშინ ეს საკითხი ასეთი რეზონანსული არ იყო და თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმაზე, რომ ეწინააღმდეგება „ნამახვანჰესების“ კასკადის განხორციელებას. ახლა ვნახეთ, რომ მომხრეა, ამიტომ, რაღაც ასეთი ცდომილებაც არსებობს მის მოსაზრებებში“, – აცხადებს გოლეთიანი.

მსგავსი თემები