მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვა კინოს სახლის წინ გამართულ ანტიიმპერიალისტურ მიტინგზე

1989 წლის 11 ოქტომბერს, მერაბ კოსტავამ მიტინგიდან მოსახლეობას მიმართა, ეს იყო მისი უკანასკნელი გამოსვლა.

„რუსეთის იმპერიის ისტორიაში დამთავრდა შემოკრებისა და ინტეგრაციის დრო. რუსეთის იმპერიას ყავლი გასდის! ახლა იწყება რუსეთის დეზინტეგრაციის და დაშლის ჟამი. ასეთი იყო ნებისმიერი იმპერიის ისტორია; ჯერ შემოკრება ამ ერის, იმპერიის განმახორციელებელი ერის გარშემო, ინტეგრეცია, გაფართოება, გაბერვა და შემდეგ დაშლა ცალკეულ სახელმწიფოებად. ასე დაიშალა, მეგობრებო, მაკედონელის იმპერია, ესპანეთის, ფილიპე II-ის იმპერია. იგივე მოელის რუსეთის იმპერიასაც.

ძმანო და დანო!

იმპერია მოითხოვს გარკვეულ დაკვირვებას. რუსეთის ფედერაციის მთავრობა, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ხვდება, რომ ასეთი დიდი სახელმწიფოს, სისხლით შექმნილი, სხვადასხვა ერის ძვლებზე აშენებული და ასე გაბერილი სახელმწიფოს არსებობა, მისი მართვა, მისი პოლიტიკურ- ეკონომიკური მთლიანობის შენარჩუნება შეუძლებელია და იგი დაიშლება. საქართველო ბუნებით უპირისპირდება რუსეთის იმპერიას და მის ვერაგულ ბუნებას. ეს პირდაპირი დაპირისპირებაა, მეგობრებო! მიუხედავად იმგვარი საშიში გეოგრაფიული ადგილისა, როგორიც საქართველოს არგუნა განგებამ, საქართველოს აქვს სურვილი იმპერიას ჩაასოს ისარი გულში. ასე, რომ დღევანდელი აქციის მიზანი, სწორედ, ისრის გაყრის ტოლფასია.

საქართველო ღირსია, რომ ჰყავდეს ეროვნული არმია!

ძმანო და დანო! ჩვენი ახალგაზრდები აპირებენ საპროტესტო აქციის ჩატარებას, რათა არ წავიდნენ დამპყრობლის არმიაში. მოგახსენებთ, რომ ნატოს კავშირი შემდგარია დემოკრატიული პრინციპებით, რადგან იგი შედგება ეროვნული არმიების კავშირისაგან. საბჭოეთში კი თავიდანვე ეცადნენ ზემოთ ნათქვამი პრინციპის მოშლას. ქართველი ერის ნებაა უარის თქმა დამპყრობლის არმიაში სამსახურზე.

ჩვენ გავიმარჯვებთ!

მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!“

დღეს მერაბ კოსტავას 82 წელი შეუსრულდებოდა.

მსგავსი თემები