როგორ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მსოფლიომ

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. მილოცვებში ყურადღება გამახვილებულია იმ რთულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გაიარა და კვლავაც აგრძელებს ბრძოლას.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„როდესაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე დაწინაურებაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას. შეერთებულ შტატებში მამაცი ქართველი ჯარისკაცების მადლიერნი ვართ, რადგან ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პროგრამებში ჩვენი მეომრების გვერდში მსახურობენ და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების პერიოდში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვას ავრცელებს ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

„მომავალ წლებში ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო ქმნის უფრო დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სრულფასოვან, ფუნქციონალურ პარლამენტს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატალანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას, ისევე როგორც მათ ძალისხმევას, წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება „კოვიდ-19“ -ის პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესში. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს“,- ნათქვამია მილოცვაში.

ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანიც. როგორც დეგნანი ამბობს, ქართველებს და ამერიკელებს თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ.

„ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!“, საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო“,- აცხადებს კელი დეგნანი.

ასევე, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

მსგავსი თემები