ეს დღე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე სამხედროებს მიმართა. პრეზიდენტმა ქართულ ჯარს და დღევანდელი დღე მიულოცა. 

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მივესალმები საზოგადოებას და ქართულ ჯარს.

2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას. 70 წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მეთერთმეტე არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით. ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები