“გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! კარგია, რომ საქართველო, ჩანს, დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას” – ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ევროპარლამენტარმა ვიდეომიმართვა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება მარტივი არ არის. 

“გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ამჯერად, თქვენი ახლო პარტნიორი ქვეყნიდან – უკრაინიდან. არ არის ადვილი შეინარჩუნო დამოუკიდებლობა ამ სამეზობლოში, თუმცა კარგია, რომ საბოლოოდ, საქართველო, ჩანს, რომ დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს.

ევროკავშირი და სხვა ქვეყნები მზად არიან, დაგეხმარონ საშინაო და საგარეო გამოწვევების გადალახვაში. საპარლამენტო კრიზისის თითქმის გადალახვა კარგი მაგალითია, თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანი და უფრო დემოკრატიულია, ვიდრე აქამდე.

26 მაისი არის შეხსენება, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის და მათთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ,“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი ასევე საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის საკითხსაც ეხება.

“დიდ გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დეოკუპაცია რუსეთის ჯარებისგან და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის სახლებში დაბრუნების საკითხი. ევროკავშირი მყარად დგას თქვენთან ერთად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში,“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი თემები