“ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ციხეში შედიხარ” – ვახტანგ მეგრელიშვილი

გადავწყვიტე, მართლა რაც ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ უყურებ ყოველ დილას, ციხეში შედიხარ. ციხეში შესვლა, ყოველ დილას, არ მინდა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ, ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის შესასვლელში განთავსებული რკინის ღობე არ მოსწონს.

„გუშინ განათლების კომიტეტზე მოსული იყო ბატონი გიორგი კაკაურიძე, ვისარგებლე შემთხვევით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდა და ვკითხე, ამ კრიზისში რომ ვართ, კატასტროფა რომ გვჭირს, რამე კრიზისიდან გამოსვლის ისეთი ღონისძიება ხომ არ იცით, რაც საჯაროდ არ გვაქვს-მეთქი. უბრალოდ ამბავი რომ გითხრათ, ბოლო ორ წელიწადში რვა მილიარდი გვაქვს ნასესხები. ეს რას ნიშნავს იცით, რომ ერთი ქართველი კაცი დაბადებიდან 72 წელი ვიდრე იცოცხლებს, მაქსიმუმ მილიონ ლარს შოულობს, ქმნის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ ახლა ჩვენ ვარსებობთ იმის გამო, რომ 8 000 ადამიანი მთელი ცხოვრება მონებად გავყიდეთ, ეს გავაკეთეთ ორ წელიწადში და საერთოდ პრობლემა არ არისო, ბატონმა გიორგიმ მითხრა. მე ვერ წარმომიდგენია, ამდენი პრობლემა წავუყენოთ ერთმანეთს ბრალდებად და მერე მშვიდად გავაგრძელოთ თანამშრომლობა. მერე ბატონ შალვა პაპუაშვილს ვკითხე, შენ რა აზრის ხარ-მეთქი და ბატონმა შალვამ მითხრა, შეიძლება ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არისო. მე კიდევ რას ვფიქრობ იცით? შეიძლება ამ დარბაზის კომპეტენციაა ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს თუ სამოთხედ გადააქციოს და მართლა შეგვიძლია ჩვენ გვჯეროდეს, რომ მაგ გადაწყვეტილების მიღების უნარი გვაქვს, რაც მართლა რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. გადავწყვიტე, მართლა რაც ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ. ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, ისეთი განცდა გაქვს, რომ უყურებ ყოველ დილას, ციხეში შედიხარ. ციხეში შესვლა, ყოველ დილას, მე არ მინდა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოგწონთ და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ. ამიტომ, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ, ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით.“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები