აუცრელი ბავშვები შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში არ მიიღონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივით, იმუნიზაცია კანონმდებლობით სავალდებულო უნდა იყოს. ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.
დეპუტატის თქმით, ინიციატივის – სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, პარლამენტში ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება.

როგორც ზოიძე აცხადებს, ბაღებსა და სკოლებში არ მიიღებენ ბავშვებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ იქნებიან.

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმური იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ხორციელდება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 12 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) უფასოა.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა. თუმცა, NCDC -ის ინფორმაციით,  საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან:

აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია; 250 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით; 2018 წელს რუმინეთში დაფიქსირდა წითელას 1 709 შემთხვევა (9 გარდაცვალება), საფრანგეთში – 1 547 (1 გარდაცვალება), იტალიაში – 411 (2 გარდაცვალება), საბერძნეთში – 1 532 (1 გარდაცვალება), უკრაინაში წითელას 10 000-მდე შემთხვევა (7 გარდაცვალება). ასევე, ეპიდაფეთქებები მიმდინარეობს ბელორუსიაში, სერბეთში, თურქეთში, რუსეთში (500 შემთხვევა).

 

მსგავსი თემები