“მე ვუერთდები საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებებს, რათა ამ საქმეზე ყველა ფაქტი დადგინდეს” – ჯო ბაიდენი მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების მიზნით „რაინეარის“ რეისისთვის მიმართულების იძულებით შეცვლას გმობს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს განიხილავს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავის მიმართულების შეცვლას „საერთაშორისო ნორმების პირდაპირი დარღვევა“ უწოდა და ბელარუსს რომან პროტასევიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მე ვუერთდები საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებებს, რათა ამ საქმეზე ყველა ფაქტი დადგინდეს. მივესალმები, რომ ევროკავშირი გამოვიდა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციებისა და სხვა ზომების დაწესების მოწოდებით. მე ვთხოვე ჩემს გუნდს, ევროკავშირთან, სხვა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციაში შეიმუშაონ შესაბამისი ვარიანტი, რათა დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის განცხადებით, თვეების განმავლობაში ბელარუსი ხალხი ითხოვს დემოკრატიას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას.

„ევროკავშირი გააგრძელებს ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას მათ ბრძოლაში“, – აღნიშნულია აშშ-ის ლიდერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.

მსგავსი თემები