ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავების ფაქტებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროპის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალონ.

ამასთან, მათ ევროკავშირის ავიაკომპანიებს მოუწოდეს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავი შეიკავონ.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში მოქმედ ყველა გადამზიდავს, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენას; მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს აუცილებელი ზომები ბელარუსული ავიაკომპანიების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვისა და ამგვარი ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით”,- ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში.

ამასთან, ევროპული საბჭო მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვების „ უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი“.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სამიტი საბჭოს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მიიღოს კერძო პირებისა და ორგანიზაციების ახალი სია, შესაბამისი სანქციების ჩარჩოს საფუძველზე.

მსგავსი თემები