„ეს არის შავრაზმელობა და საბჭოთა კავშირი“ – ოთო კახიძის 8 არგუმენტი „რიონის მცველების“ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ

ოპოზიციონერი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, როცა პროტესტის მთავარი გზავნილია – „ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს”, „დიდი ჰესი არ უნდა აშენდეს”, „ენერგეტიკაში კერძო კაპიტალი არ უნდა იყოს” – ეს არის შავრაზმელობა, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება და საბჭოთა კავშირი.

„ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით:

1. პროექტით ქვეყანაში შემოდის 827 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს:

ა) პირდაპირ სამუშაო ადგილების შექმნას;

ბ) ეკონომიკის ზრდას, მეტი საქონლის ბრუნვას, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მეწარმეებისთვის;

გ) ლარის გამყარებას, პროდუქტებზე ფასების ზრდის წნეხის შემცირებას, სესხებზე პროცენტის შემცირებას.

2. საქართველოს ენერგეტიკა ნაკლებად იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე, რაც ნიშნავს:

ა) ნაკლები დენის შესყიდვას გარედან, პირველ რიგში, რუსეთისგან;

ბ) ნაკლები დენის გამომუშავებას გაზის თბოსადგურის მეშვეობით.

3. ნამოხვან ჰესის მიერ გამომუშავებული დენის ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმპორტირებული ენერგიის,

ა) ნამოხვან ჰესის გამომუშავებული დენი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და დაცულები ვართ სპეკულაციისგან. ხოლო იმპორტის დროს ზოგჯერ შესაძლოა პოლიტიკური ფასი ჰქონდეს ენერგო რესურსებს, რისი მწარე გამოცდილებაც მივიღეთ 15 წლის წინ, ანუ ეს შედარება იმთავითვე არასწორია;

ბ) ნამოხვანით დენს მივიღებთ საშუალო შეწონილი ტარიფით 6 ცენტის ფარგლებში, იმ პერიოდშიც, როცა რუსეთსა და თურქეთში კილოვატის ფასი მერყეობს 7-დან 11 ცენტამდე.

4. ინვესტორი არ არის გათავისუფლებული გადასახადებისგან და იგი გადაიხდის:

ა) ქონების გადასახადს, დაახლოებით 450 მლნ ლარს;

ბ) წიაღისეულით მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს;

გ) წყალაღების მოსაკრებელს.

5. ნამოხვან ჰესის ინვესტორმა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე კომპენსაციის სახით უკვე გასცა ათეულობით მილიონი ლარი და პროექტის ფარგლებში დასაქმებული ჰყავს რიონის ხეობის 200-მდე მოსახლე.

6. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენი ქვეყანა სიღარიბიდან ამოვიდეს, ნამოხვანის ჰესის პროექტის ჩაშლა ანაკლიის პორტის გაჩერების შემდგომ იქნება მორიგი მძიმე დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივისთვის.

7. ანტი-თურქული, ზოგადად ქსენოფობიური გზავნილები, ამ ჭრილში რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება, ასევე კერძო კაპიტალის წინააღმდეგ მიმართული გზავნილები მიმაჩნია უაღრესად საშიშ მოვლენად, რომლის გამარჯვებასაც (ღმერთმა დაგვიფაროს) მივყავართ ძალადობის, ქაოსისა და საბოლოოდ – ფაშისტური ან კომუნისტური ტოტალიტარიზმისკენ.

8. ყველა ჰესი შენდება მდინარეზე და ყველა მდინარეს აქვს ხეობა, რიონი იქნება ეს, ენგური, არაგვი თუ სხვა. ნავთობი და გაზი არ მოგვეპოვება, ჩვენი რესურსია მთიდან წამოსული მდინარეები და უნდა ვეცადოთ ამ რესურსის, წყლის ძალის გამოყენებას, იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო მდიდრები და დამოუკიდებლები.

————————–

შეიძლება რუსეთუმე ფაშისტებთან, შავრაზმელებთან ან ბოლშევიკებთან ერთადაც აპროტესტებდე რამეს, ეგ თავისთავად არ მიმაჩნია პრობლემად. მთავარია დაფიქრდე, რა ამოძრავებს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს”, “ქართულ მარშსა” და “პატრიოტთა ალიანსს” – რა არის პროტესტის მთავარი გზავნილი, რას ითხოვ და რა შედეგამდე შეიძლება მიგიყვანოს შენმა “გულწრფელმა” მოთხოვნებმა.

როცა პროტესტის მთავარი გზავნილია – “ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს”, “დიდი ჰესი არ უნდა აშენდეს”, “ენერგეტიკაში კერძო კაპიტალი არ უნდა იყოს” – ეს არის შავრაზმელობა, ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედება და საბჭოთა კავშირი,“ – წერს ოთარ კახიძე.

მსგავსი თემები