“კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და წამოვიდნენ პროვოკაციაზე” – ლევან სამუშია პარლამენტში დაპირისპირებაზე

კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და წამოვიდნენ პროვოკაციაზე, ვიღაც ალუდაა ეგეთი – პარლამენტის წევრი, აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა,- ამის შესახებ „ლელოს” წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან მასსა და უმრავლესობის დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

სამუშიას თქმით, ამნისტიის პროექტით მმართველი გუნდი საკუთარი თავის თვითლუსტრირებას ახდენს, რადგან „საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძვის“.

„ბიძინა ივანიშვილისთვის უცხოა და მისი ქვეშევრდომებისთვისაც უცხოა პოლემიკა. მათ დავუსვი კითხვა, რამაც გამოიწვია გაღიზიანება. წარმოუდგენელ რამეს აპირებენ – მთელი სისხლის სამართლის კოდექსის ამნისტირებას, აპირებენ საკუთარი თავი დაუქვემდებარონ ამინისტირებას. კითხვებზე პასუხი ვერ გამცეს და შემდეგ წამოვიდნენ პროვოკაციაზე, არ ვიცი, ვიღაც ალუდაა ეგეთი – პარლამენტის წევრი, უფრო აგრესიულად უნდოდა და ჩემთან ეს არ გამოუვიდა. კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და შემდეგ შოუზე ლაპარაკობენ. განზრახ მკვლელობის მცდელობაა, ჩემი აზრით, მაკო გომურის მიმართ განხორციელებული და განზრახ მკვლელობის მცდელობაზე ვრცელდება ამნისტია, განზრახ მკვლელობაზეც, ყველაფერზე ავრცელებენ. იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი 20 ივნისს, რომ საკუთარი თავის თვითლუსტრირება არ ერიდებათ, ყველაფერზე ავრცელებენ ამნისტიას, საკუთარი თავის ამნისტირებას აპირებენ.

შარლ მიშელის დოკუმენტი ეხება იმას, რომ პოლიტიკური დევნა არ გავრცელდეს დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. სათაურში იწყება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებით და მერე მოყვება ამნისტირება. ესენი ადგნენ და საკუთარი თავის ამნისტირება მოიწყვეს. ეს ერთგვარი თვითლუსტრირებაა. აქ პოლიციელებზე კი არაა მარტო საუბარი, სავარაუდოდ, ივანიშვილზეც არის საუბარი და ყველა ბრძანების გამცემზეა, საერთოდ არ აინტერესებთ ამათ პოლიციელები – საკუთარი თავის და ტყავის გადასარჩენად იბრძვიან, წინასწარ საქმეს იკეთებენ. 7 ნოემბრის დროს ის არ გაუკეთებია წინა ხელისუფლებას, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძოდი, რასაც ესენი აკეთებენ – თვითლუსტრირებას,”- განაცხადა სამუშიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 19-20 ივნისის ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და პარტია „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია დაუპირისპირდნენ.

მსგავსი თემები