“მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს” – ნათია თურნავა

ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა.

„პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების საგანი – სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როცა საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, ჩართულობით და არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ბევრი მითი და ჩვენ ვცდილობთ და თავად ინვესტორი კომპანია, რომ ეს მითები გააქარწყლოს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შევქმენით რამდენიმე კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში და კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელი არის სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები