ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართ გამოყენებული ძალადობის საფრთხეს. ნატოსა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება პირატული ქმედებაა, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბობ მენენდესისა და მისი ჩეხი, ლატვიელი, გერმანელი, ლიეტუველი, ირლანდიელი, პოლონელი და ბრიტანელი კოლეგების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამ უგუნურმა ქმედებამ მგზავრები და ეკიპაჟი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტარები აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს.

„მოვითხოვთ, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მიერ ინფორმაციის მოწოდებამდე ბელარუსის მიმართულებით და პირიქით ფრენები აიკრძალოს. აშკარაა, რომ მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და არ შეუძლიათ მათი უფლებების დაცვა. სახელმწიფო ტერორისა და გატაცების ეს ქმედება საფრთხეს უქმნის ყველას, ვინც მოგზაურობს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ,”- აღნიშნულია განცხადებაში.

კანონმდებლები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

“მოვუწოდებთ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესონ და შეზღუდონ მათი შესაძლებლობა ინტერპოლი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპაში დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმისთვის გამოიყენონ. მოვითხოვთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ. მოვითხოვთ რომან პროტასევიჩისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბელარუსში ტირანიის ადგილი არ არის. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ მილიონობით ადამიანს მსოფლიოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები