კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაუქმდა ყველა სამმართველო და 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება, რის შედეგადაც სამინისტროს სტრუქტურა ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, გაუქმდა ყველა სამმართველო და, სტრუქტურული ერთეულების გამსხვილების შედეგად, 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა.

გაუქმდა კულტურის დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნა ორი სტრუქტურული ერთეული – შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტი და კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტი.

სპორტის დეპარტამენტის ბაზაზე კი ცალკე ჩამოყალიბდა მასობრივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, რაც ამ დარგში სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს. ცალკე განისაზღვრა მაღალი მიღწევების სპორტის დეპარტამენტი.

ამასთან, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის გაერთიანების ხარჯზე შეიქმნა ახალი – კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტი.

მოცემული ცვლილების შედეგად, 2021 წლის 1 ივლისიდან, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღარ იქნება საკუთარი საქმიანობის მაკონტროლებელი და ამ ფუნქციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – სამინისტრო შეასრულებს. ჯამში, სამინისტროს შტატების ოდენობა 169 ერთეულის ნაცვლად 136-ით განისაზღვრა.

მსგავსი თემები