„თუ ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ – ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის  მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას ვადას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ. თუ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებით და სისტემის შერყევით იმუქრებიან.    

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეიდან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უპრეცედენტო გაერთიანება იწყება.

„ხვალ, 12:00 საათამდე, თუ  ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული  არ იქნება, მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ. ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ“ – განაცხადა გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ხელშეკრულება; გადადგეს ეკონომიკის მინისტრი დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას.   

ვარლამ გოლეთიანმა, ქალაქის პარალიზების გამო, დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიში წინასწარ მოუხადა და განაცხადა, რომ ხვალ დედაქალაქი დაიკეტება.

მსგავსი თემები