ევროკავშირისა და ემერიკის ელჩები 20 ივნისს დაზარალებულებს პასუხობენ

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა იმ წერილს უპასუხეს, რომელიც მათ 19-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულებმა გაუგზავნეს. საუბარია პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ.    

ელჩების პასუხს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„19 აპრილის შეთანხმება მიღწეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო გადაშლის ფურცელს ფუნქციონირებადი პარლამენტის აღდგენისკენ, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებისა და კონსოლიდაციისკენ მიმართული შორს მიმავალი რეფორმების გატარების ერთგული იქნება.

19 აპრილის შეთანხმების მიღწევა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად მოხდა. მისი პირველი მუხლი ხაზს უსვამს ვალდებულებას, მოგვარდეს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული შემთხვევები. ამ ვალდებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა უნდა განსაზღვრონ ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობები, მათ შორის ამნისტიის კანონი, რომელიც აკმაყოფილებს ხელშეკრულების მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც საქართველოა.

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და უფრო დიდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოიტანს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად“, – ვკითხულობთ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ცნობისათვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებულმა და დაპატიმრებულმა ელჩებს წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში იხილება, არ შეეხოს მათ, ვინც აქცია დაარბია.

მსგავსი თემები