20 ივნისს დაშავებულები ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს მიმართავენ

20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ, აქციაზე დაშავებული და დაპატიმრებულები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს  წერილით მიმართავენ. ისინი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტმა ის არ უნდა დაამტკიცოს.

„მედიაცენტრი მთავარი“ გავრცელებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.  

„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას პატრიოტული მოტივით ვაპროტესტებდით და გარდა ეროვნული უსაფრთხოებისა მიგვაჩნდა, რომ ეს ფაქტი შეუთავსებელი იყო და საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსაც.

ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, 38 ჟურნალისტი. ხელისუფლების ცნობით, 20 ივნისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს 240 ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რომლის არასრული ჩამონათვალი მოიცავს მრავლობით ნატყვიარევს, სხეულის სხვადასხვა მოტეხილობას, სახისა და თავის ქალის მსხვრევით დაზიანებებს, თვალისა და მხედველობის დაკარგვის მრავლობით შემთხვევას.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია, რომ მძიმედ დაშავებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო. სახელმწიფომ მხოლოდ 7 დემონსტრანტი ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 4 თანამშრომლის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ, დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე, რომ დაზალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუნარჩუნდეთ შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება. მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებულ თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებში”, – ვკითხუობთ წერილში.

მისი ხელისმომწერები არიან: მაკო გომურ, ირაკლი პავლენიშვილი, კობა ლეთოდიანი, გიორგი სულაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჩიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულისკერია, ლუკა პეტრიაშვილი, თამარ ბაღაშვილი, დავით შეხილაძე, ბესიკ თამლიანი, ვატო გელაშვილი, დავით ხვადაგიანი, დემეტრე ნაყოფია, დავით ქურდოვანიძე.

მსგავსი თემები