„მოსახლეობა დაიღალა „ნაცმოძრაობის“ მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, საქმე უნდა გავაკეთოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არასოდეს ყოფილან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას და სხვებს კი ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ.
“დიდი ილუზიები არავის არ გვაქვს, ძალიან კარგად გვესმის, რომ ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი. ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება მოვახდინეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ რეალურად რაც ხდება, გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით, როგორც ხდება. ძალიან წვალობენ, მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას. მძიმე მდგომარეობაში არიან“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან.