ჯემალ გამახარია აფხაზებს გონივრული გადაწყვეტილებებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავს, რომ  21 მაისის გაკვეთილები  გაიხსენოს და მოუწოდებს, ყველამ შეიგნოს, რომ ერთად დგომის დრო დადგა.

„მედიაცენტრი მთავარი“ უმაღლესი საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„რუსეთ-კავკასიის ომის სახელწოდებით არის ცნობილი რუსეთის მიერ 1817-1864 წლების მანძილზე კავკასიის ანექსიის მიზნით წარმოებული სისხლისმღვრელი ბრძოლები. 1864 წლის მაისში რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერები დაიკავა. 21 მაისს კბაადას ველზე (კრასნაია პოლიანა) “გამარჯვების“ აღლუმი გაიმართა. ეს დღე კავკასიის ომის დასასრულად ითვლება.

სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი მეცნიერები – ისტორიის გაყალბების უბადლო დიდოსტატები – ცდილობენ ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს კავკასიელთა წინააღმდეგ რუსების მხარეს ქართველები იბრძოდნენ და არა აფხაზები. რეალობა კი სხვაზე მეტყველებს: რუს მებრძოლთა მხარეს ნამდვილად იყვნენ ქართველები, მაგრამ ამ მხრივ არც აფხაზები ჩამორჩებოდნენ. აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე თავისი რაზმებით რუსების მხარდამხარ კავკასიელ თანამოძმეებს და თვით აფხაზ მოსახლეობას დაუნდობლად ებრძოდა. ასე მაგალითად, 1859 წლის იანვარში ფსხუს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ლაშქრობაში, როგორც მეფისნაცვალი ა.ბარიატინსკი რუსეთის სამხედრო მინისტრს ნ.სუხოზანეტს წერდა, რუსებთან ერთად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ოლქის (დღევანდელი სოხუმისა და გულრიფშის რაიონები) მილიციის 5 ასეული, ბზიფის ოლქის მილიციის 6 ასეული და წებელდის ოლქის მილიციის 6 ასეული, რომლებსაც საერთო ხელმძღვანელობას მიხეილ შარვაშიძე უწევდა. კავკასიის დასაპყრობად გამართულ ბრძოლებში თავი გამოიჩინა აგრეთვე პოლკოვნიკმა (მომავალში გენერალ-ლეიტენანტმა) გრიგოლ შარვაშიძემ, სხვა დიდგვაროვანმა აფხაზებმა.

ასევე, დოკუმენტური მასალებიდან არის ცნობილი, რომ 1864 წლის მაისში წებელდის აფხაზური მილიციის თავდასხმამ აიძულა აიბგის თემის მოსახლეობა საკუთარი სახლები მიეტოვებინათ და თურქეთში გადასახლებულიყვნენ.

რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად დასავლეთ კავკასიიდან 470 ათასი ადამიანი თურქეთში გადაასახლეს, 90 ათასი – ყუბანში. ისტორიის ფალსიფიკატორები თავიანთ მკითხველებს უმალავენ აფხაზური მილიციის „გმირობის“ ამსახველ მრავალრიცხოვან ისტორიულ მონაცემებს კავკასიელ თანამოძმეთა და თვით აფხაზური საზოგადოებების დარბევის, მათი სახლების გადაწვისა და მოსახლეობის თურქეთში განდევნის შესახებ; ცდილობენ ყოველივე ქართველებს დააბრალონ. ისინი დუმილით უვლიან გვერდს 1864 წლის 21 მაისის „გამარჯვების“ აღლუმში მიხეილ შარვაშიძისა და მისდამი დაქვემდებარებული აფხაზური რაზმების მონაწილეობის კარგად ცნობილ ფაქტებსაც.

რუსეთ-კავკასიის ომში რუსეთის გამარჯვებას კავკასიის ანექსია, კავკასიელთა, მათ შორის აფხაზთა და ქართველთა ტრაგედია, ცალკეული ხალხების გენოციდი მოჰყვა.. იმავე 1864 წელს გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და იქ რუსული მმართველობა დამყარდა, აფხაზთა დიდი ნაწილი იძულებით ოსმალეთში გადაასახლეს (მუჰაჯირობა). გადასახლებულთა შორის იყო ქართული მოსახლეობაც.

ასე რომ, ქართველებსაც და აფხაზებსაც კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი მაშინდელი წინდაუხედაობა და ის, თუ რამდენად ძვირად დაუჯდა ჩვენს ხალხებს რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. აღმოჩნდა, რომ მოძმე აფხაზებმა საუკუნენახევრის წინ ჩადენილი შეცდომისაგან ვერაფერი ისწავლეს. ამჯერად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფალნი კვლავ რუსეთის მხარდამხარ იბრძვიან; დღესაც იგივე ოკუპანტის ინტერესებს ემსახურებიან და გამანადგურებელ ზიანს აყენებენ საკუთარ ეთნოსს, იდენტობას. პარალელურად, საფრთხეს

უქმნიან ისტორიულ აფხაზთა ისტორიულ სამშობლოს – საქართველოს, რომლის წიაღშიც ათეული საუკუნეების მანძილზე იშვნენ და განიმტკიცეს თვითმყობადობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი ჯემალ გამახარია მოუწოდებს მოძმე აფხაზებს ქართველებთან ერთად ღრმად გაიაზრონ 21 მაისის გაკვეთილები. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევიგნოთ, რომ დადგა ერთად დგომის დრო! ჩვენს შორის დაპირისპირება, დაყოფა მხოლოდ რუსეთის იმპერიის შოვინისტურ, დამპყრობლურ ინტერესებში შედის. გონივრული შორსმჭვრეტელობა, მიტევებასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს; წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპანტი ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ერთობას, აფხაზთა თვითმყოფადობას, მის მომავალს, ჭეშმარიტ თავისუფლებასა და განვითარების პერსპექტივას!“

მსგავსი თემები