“აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას შესაძლებლობები, რომელიც გამოწვევებს დაძლევს” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საგრანტო შეთანხმება „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას.

როგორც დეგნანი აღნიშნავს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არსებობდეს, ლიდერები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხის წინაშე.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, აშშ-სა და საქართველოს შორის.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს აწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით შეიქმნება ახალი პროგრამა, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთის დამოკიდებულებას.

ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ, რომ გაიზარდოს ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხთა შორის ურთიერთობა. ეს, ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მილიონის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ ამერიკის საერთაშორისო განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. სამოქალაქო განათლების კუთხით დაიწყება ახალი პროგრამა, რაც სამომავლოდ შექმნის რესურსს იმისთვის, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არსებობდეს, ლიდერები ანგარიშვალდებულები იყვნენ ხალხის წინაშე“, – აღნიშნა დეგნიანმა.

როგორც მან განმარტა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, დემოკრატიული ინსტიტურების გაძლიერებისთვის.

„ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსოს ახალი პროგრამები საქართველოში, მათ შორის, ერთ-ერთი ახლახანს გამოცხადებული, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარებას, გაფართოებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

აქედან გამომდინარე, აშკარად ვხვდებით, რომ ეს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში ძალიან გვახარებს, ის ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში…

მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმისათვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს“,- აღნიშნავს დეგნანი.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, USAID პირველ ეტაპზე, დაახლოებით 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოჰყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება გრანტის 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

მსგავსი თემები