„ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს, ჰესი ამ ფორმით არ აშენდება“ – ლევან ვასაძე

საზოგადოებივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე რიონის ხეობის მცველებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მათ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება.   

როგორც ლევან ვასაძე ამბობს, იყო მცდელობა რომ ის ხეობის მცველებთან დაეპირისპირებინათ, თუმცა, ეს არ გამოვა.

„ამ ფორმით ეს ჰესი არ აშენდება, ჩვენ არ ავაშენებინებთ ამ ფორმით  ჰესს. ამდენი ხანი გავიდა და მიერეკებიან, გრძელდება რიონის ხეობის გადათხრა. პოლიციის კორდონები აჩოჩებენ ამ ჩვენს ოქროსავით ხალხს, რიონის ხეობის მცველებს. იყო ხელოვნური მცდელობები, რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ მათ. ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს. მე იქ არ ჩავედი იმიტომ, რომ ვიღაცამ არ იფიქროს ჩამოვიდა და მათ გვერდზე გაიჯგიმაო“ – აცხადებს ლევან ვასაძე.

საზოგადოებივი მოძრაობის დამფუძნებელი ყველას მოუწოდებს, რიონის ხეობის მცველებს გვერდით დაუდგეს და თავადაც, დაგეგმილ აქციას უერთდება.

„მე მათი მხარდაჭერის სხვა გზა ავირჩიე. ეს ხალხი ატარებს აქციას, ყველანი მივიდეთ იქ რიგით ჯარისკაცებად. მე მივალ იქ არა როგორც საზოგადო მოღვაწე ან პოლიტიკოსი, არამედ, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, დავდგები უკან რიგებში და მხარს დავუჭერ ჩვენი რიონის მოსახლეობას, რომ ეს ჰესი არ აშენდეს“ – ასეთია ლევან ვასაძის განაცხადი.       

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები მასშტაბურ აქციას 23 მაისს გეგმავენ.

მსგავსი თემები