რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძის ინიციატივით, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და ფინანსთა სამინისტროს რეფორმების შესახებ, ჩუღურეთის რაიონში მოქმედი მცირე მეწარმეები საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, დეპუტატები ნინო ლაცაბიძე, ოთარ გრიგოლია, ირაკლი ზარქუა და ლევან ჟორჟოლიანი, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.

“ფინანსთა სამინისტრო იწყებს რეფორმების პროგრამას, რომელიც რამდენიმე ძირითად პრინციპს მოიცავს და ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. ჩუღურეთის რაიონში მოქმედ მცირე მეწარმეებს აინტერესებთ, კონკრეტულად რა სფეროებს მოიცავს აღნიშნული რეფორმები და როგორ აისახება ის მათ საქმიანობაზე. მოწვეულმა სტუმრებმა მეწარმეებს ის სახელმწიფო პროგრამები გააცნეს, რომლების სტარტაპების დაფინანსებას გულისხმობს. ვფიქრობ, მიღებული ინფორმაცია მეტად გამოადგებათ ახალგაზრდებს იდეების განხორცილებისა და მცირე ბიზნესის წამოწყების საქმეში,“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება სახელმწიფოს მხრიდან დაანონსებულ რეფორმებს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი ფორმა იმისა, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა იყოს მცირე მეწარმეებსა და სახელმწიფოს შორის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმების პროექტზე. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებმა, ასევე ბიზნესომბუდსმენმა, მცირე მეწარმეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ. კერძოდ, ახალ საგადასახადო ინიციატივაზე, რომელიც დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

შეხვედრას ჩუღურეთის რაიონში მოქმედი 100-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს მეწარმე და ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომელთაც სურთ მცირე ბიზნესის წამოწყება ამავე რაიონში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო – საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ციკვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მენეჯერი ირინა მეზურნიშვილი.

მსგავსი თემები