გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველებზე, რომლებიც უმძიმეს პირობებში მოხვდნენ, საელჩო განცხადებას ავრცელებს

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰუბერტ ქნირში საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის  წასული მოქალაქეების უმძიმეს პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი ამბობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, – აცხადებს გერმანიის ელჩი, რომლის კომენტარსაც საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებში აღმოჩნდა. გარდა მძიმე პირობებისა, მათ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც პრობლემები შეუქმნეს.  ​

მსგავსი თემები