„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, გვასაღებენ, რომ ეს იყო ყოფითი დაპირისპირება“ – ტარიელ ნაკაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

“დმანისი არის ერთ-ერთი ხილული ფაქტი, სამწუხარო ფაქტი. თუ ხელისუფლება ჩაუღრმავდება ამ მოვლენას, მიხვდება როგორ უნდა იმოქმედოს და როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს რელიგიურ, ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით” – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ ტარიელ ნაკაიძემ და არარსებული პოლიტიკისთვის ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც პოლიტიკაში გადაინაცვლა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პარლამენტში დღეს პირველად შევიდა, „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, რომ ის, რაც დმანისში მოხდა, ყოფითი პრობლემა რა არის.    

„ღიად და ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება. გვასაღებენ, რომ ეს არის ყოფითი შემთხვევები. ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი მასშტაბური დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე არ ხდება. რაც მოხდა, ეს არის დიდი ხნის დაგროვილი ბოღმა და პრობლემები, რომელსაც ხელისუფალი თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს. მაგალითად, ბუკნართან დაკავშირებით დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებდა, რომ ქართველები და მუსლიმები შეარიგეს, დღეს აცხადებენ რომ აზერბაიჯანელების უფლებები იმიტომ უნდა დაიცვან რომ მეზობელ აზერბაიჯანთან კარგი და მეგობრული ურთიერთობები აქვთ. აბსურდია ხელისუფლების ეს რიტორიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმცირესობებთან მიმართებაში პოლიტიკა საერთოდ არ არსებობს“ – განმარტა ნაკაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და  აუცილებელია, შევიდეს სამართლებრივ შინაარსში.

„უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა. არც ერთი მსგავსი ფაქტი გამოძიებული და შეფასებული არ არის. ამიტომ ხდება ამ ჯაჭვის გაგრძელდება. იმედი მაქვს, მალე შეიცვლება ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქის ღირებულება და ფასი ეცოდინება“ – აცხადებს ნაკაიძე „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები