„გიგა ოთხოზორიას ტრაგედია დამნაშავეთა დასჯამდე  მუდმივ საფრთხეზე მიგვითითებს“ – ჯემალ გამახარია

„დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.  უიარაღო  ახალგაზრდა ქართველის „დანაშაული“  საკუთარი სახლის მონატრება იყო“  – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და მოლოდინი აქვს, რომ, მკვლელი მთელი სიმკაცრით დაისჯება.

„მედიაცენტრი მთავარი“ ჯემალ გამახარიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე ყველაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირთა კანონის წინაშე სრული სიმკაცრით დასასჯელად, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. სანამ დამნაშავეები პასუხს არ აგებენ ამ ტრაგედიებისათვის, სანამ ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს რეგიონებს, მანამ მუდმივად დამოკლეს მახვილივით იარსებებს საფრთხე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის თვითნებურად ხელყოფისათვის. გიგა ოთხოზორიას ადამიანური ტრაგედია  ღია ჭრილობად იარსებებს მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, სანამ დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხს სრული სიმკაცრით არ აგებენ და რაც მთავარია, აფხაზეთიდან იძულებით გამოდევნილი ქართველობა მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ღირსეულად არ  დაუბრუნდება მთავარი დამნაშავისაგან –  ოკუპანტისაგან თავისუფალ მშობლიურ სახლ-კარს!“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.  

მსგავსი თემები