“გენოფონდს დარტყმას სწორედ სააფთიაქო ნარკომანია აყენებს” – კონსტანტინე რუხაძე  

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ადვოკაციის ოფიცერი კონსტანტინე რუხაძე აცხადებს, რომ სააფთიაქო ნარკომანია ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და მხოლოდ ცალკეული ადამიანების დაპატიმრებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა აღირიცხოს ფსიქოტროპული პრეპარატების მომხმარებელი პაციენტების რაოდენობა და იმის მიხედვით განისაზღვროს, რა რაოდენობით შემოდის ასეთი პრეპარატი ქვეყანაში.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს კონსტანტინე რუხაძემ განაცხადა, მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება დარაზმულია მარიხუანის წინააღმდეგ, არანაკლებ სერიოზული პრობლემა, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ყურადღების მიღმა რჩება.

“კარგია, თუ სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ის აფთიაქები ხვალ არ გაიხსნება, ან არ ივაჭრებენ იმავე პრეპარატებით, რომლითაც ვაჭრობენ. ამას აქვს ერთი ძალიან ბნელი მხარე, ხშირად ხდება ერთი პრეპარატის ჩანაცვლება სხვა პრეპარატებით. მაგალითად, გავრცელებულია ერთი პრეპარატი, ყველა იმას მოიხმარს, ამას რომ მოჰყვება აქტივობები, ცოტა ხნის შემდეგ ბაზარზე სხვა პრეპარატები შემოდის და ისევ გრძელდება სააფთიაქო ნარკომანია. ეს დღეს ჩვენ ქვეყანაში არის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, როდესაც საზოგადოება დღეს დარაზმულია იგივე მარიხუანის წინააღმდეგ, გვერდზე რჩება უფრო დიდი ნაღმი”, – აცხადებს იგი.

კონსტანტინე რუხაძის თქმით, სააფთიაქო ნარკომანია ჯერ კიდევ მოიტანს იმ შედეგებს, რომელიც არ არის დამდგარი და დაიწყო წლების წინ.

“გენოფონდზე როცა საუბრობენ, აქ არის სწორედ გენოფონდზე დარტყმა. შეიძლება კონკრეტული ადამიანები დააკავონ, მაგრამ პრობლემას უშველის ერთი რამ. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდება ფსიქოტროპული პრეპარატები და ეს ადამიანები არის თვლადი. მაგალითად, ასეთი 30 ათასი ადამიანი გყავს ქვეყანაში, მაგრამ როცა შემოდის 100 ათასობით ასეთი პრეპარატი, ხომ უნდა გაჩნდეს ლოგიკური კითხვა, – რად გვინდა ამდენი? “ცხელ ხაზზე” შედის ზარები, მაგრამ რეაგირება არ მოჰყვება, ან გულგრილობის, ან კომერციული ინტერესების გამო, რადგან ძალიან დიდი ფული ტრიალებს ამ ბიზნესში”, – აცხადებს კონსტანტინე რუხაძე.

მსგავსი თემები