“შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას” – დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან,- ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რითაც სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქის უმძიმეს სამუშაო პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.

უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. დღეის მდგომარეობით ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით.

„რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ და ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა.

საქართველოდან გერმანიაში ჯამში 54-კაციანი შემადგენლობით 4 ჯგუფი იმყოფება.

მსგავსი თემები