ვაქცინაციის საბჭომ ვაქცინების შესყიდვაზე იმსჯელა

  •  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთ ერთი საკითხი, რაზეც ვაქცინაციის საბჭომ დღეს იმსჯელა, ვაქცინების შესყიდვას უკავშირდებოდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნულ თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებულია.

„სამი ძირითადი საკითხი იყო განხილული. პირველი, ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი. „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, „ფაიზერის“ დოზების თემაზე რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში.

მიმდინარეობს მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო „ნოვოვაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. საბჭოს წევრებმა ყველა დეტალი გაიარეს როგორც საჭიროებების, ისე ფინანსური ხარჯეფექტურობის კუთხით და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა ვაქცინების მოწოდება წლის ბოლომდე შესრულდეს“ – განმარტა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები