„ამბიციური შეთანხმების პაკეტი“ – მმართველი გუნდი საარჩევო საკითხებზე დღესაც იმსჯელებს

ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. ერთს ოპოზიციური პარტიები დანიშნავენ, მეორე კი პროფესიული ნიშნით შეირჩევა. ასეთია შეთანხმება, რომელსაც მმართველი გუნდი ამბიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.

„იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურებს“ – განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.  

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, გულის სიღრმეში, ოპონენტებიც კმაყოფილები იქნებიან.

„ვფიქრობ, გულის სიღრმეში, კოლეგებიც გვეთანხმებიან.  არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ ისიც ვთქვით,  რომ ეს ის საკითხი არ არის, სადაც შეთანხმება შეუძლებელია და ამიტომ ამ კუთხით ვუშვებთ ამ შესაძლებლობას იმ დათქმით, რომ ვრჩებით ჩვენს აზრზე, რომ ეს არ არის სწორი სამართლებრივად, თუმცა, შეთანხმება შეთანხმებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები