“სალომე ზურაბიშვილმა ბევრად ნაკლები თქვა, ვიდრე ეს წერია ტალიავინის რეზოლუციაში”- გოგა ხაინდრავა

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა იმაზე ბევრად ნაკლები თქვა აგვისტოს ომის შესახებ, ვიდრე ეს წერია ტალიავინის რეზოლუციაში, თუ სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში.

როგორც გოგა ხაინდრავას “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა,  სალომე ზურაბიშვილის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორია და პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები არ ავნებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას.

“ახლა გეტყვით ვინ არის მოღალატე და როგორ არის მოღალატე. სალომე ზურაბიშვილმა იმაზე ბევრად ნაკლები თქვა აგვისტოს ომზე, ვიდრე ეს წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში, კერძოდ, რომ ქართული მხარის მიერ, საარტილერიო ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნამ კიდევ უფრო დაძაბა ვითარება. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ეს დოკუმენტი დევს ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ჟენევაშიც და თბილისშიც. ამიტომ ის დიდი სიცრუე, რომლის მონაწილე ყველანი ხართ სამწუხაროდ, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაც თქვა, რომელიც ავნებს საქართველოს და არაღიარების პოლიტიკას ხელს შეუშლის თურმე. სალომე ზურაბიშვილს ქართულ ენაზე არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც მთელმა მსოფლიომ არ იცის და რაც არ წერია რეზოლუციაში.
სირაქლემას პოზიციაში რომ ვართ და ამ ბანდიტებს ვართ აყოლილები, ვინ არის მოღალატე?”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს პროცესების შესახებ, ის თუ რომელი მხრიდან რამდენი ტყვია გავარდა და რა დროს, ყველა დეტალის შესახებ ინფორმაციას ევროდამკვირვებლები თავიანთ შტაბბინას აწვდიდნენ.

“სახელმწიფო მინისტრი ვიყავი 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში. ცუდად რომ გავიცინებდი, ევროდამკვირვებლები იმასაც კი აკვირდებოდნენ და ინიშნავდნენ. ეს ის დამკვირვებლები არიან, რომლებიც მაშინ საქართველოში იყვნენ და რომლებიც სააკაშვილის ნამოქმედარის გამო გამოყარეს კონფლიქტის ზონიდან. სამხედროები იყვნენ და ყველაფერს გადასცემდნენ თავიანთ შტაბბინას და ეს შტაბბინა სწორედ ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ვენაშიც საბუთებს დებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ყოველ საათში იგზავნებოდა ინფორმაცია, რამდენი ტყვია გავარდა და ვისი მხრიდან. სალომემ და მე რა ვილაპარაკეთ, ის კი არ აინტერესებთ, არამედ ის თუ რა წერია დადასტურებულ რეზოლუციაში”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მსგავსი თემები