“შევრიგდით, კონფლიქტი ამოწურულია” – მუფტი და შეიხი “მედიაცენტრ მთავარში” განცხადებას გააკეთებენ 

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება“ – ეს განცხადება აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა დმანისში მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მუფტი აცხადებს, მხარეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია.

„ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ორმხრივი შეხვედრა თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად, დმანისში, ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით უსწორდებოდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში გამოკითვა მიმდინარეობდა დმანისის პოლიციის განყოფილებაში. როგორც ცნობილია. ამ ეტაპისთვის დაკავებულია 5 ადამიანი. დმანისში, გართულების თავიდან ასაცილებლად, საღამოს, პოლიციის დამატებითი ძალები და წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანეს.

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მუფტი და შეიხი, ხვალ, “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას გამართავენ.  

მსგავსი თემები