პანდემიით დაზარალებულებისთვის 85 მილიონი ევრო გამოიყოფა

  •  

„დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას, პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს.

„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმება მიღწეული იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით და წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე, ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული, ქალბატონი ნათია თურნავა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ამ პროცესში, ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. ჩვენთვის, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები