ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

  •  

იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით იუსტიციის სამინისტროს თავად მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ადეშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს იუსტიციის სამინისტროშიც, სადაც განმარტეს:

“მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა”.

მსგავსი თემები