“მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ნიკა მელიას გათავისუფლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

როგორც დეგნანი აცხადებს, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მისასალმებელია. მისივე თქმით, მოლაპარაკებებში სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბატონი მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო იმ შეთანხმების, რომელიც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განვითარდეს და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და პარლამენტის წევრობა მიიღონ. ვიცი, რომ საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარეობს მუშაობა, მისასალმებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, იმუშაონ მხარეებმა იმისათვის, რომ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლთა სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს.

მოლაპარაკებების პროცესში, სასამართლოს რეფორმა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის ნდობით სარგებლობდეს სასამართლო და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ, მოვუწოდეთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების შემდეგი დღიდან პარტიებისადმი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა სასამართლო, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები